მსოფლიოსიახლეები

რუსეთის პატრიარქი ურჩ სასულიერო პირებს ემუქრება

რუსეთის პატრიარქი კირილი სასულიერო პირებს აფრთხილებს, რომ თუ კორონავირუსის გამო დადგენილ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა. შესაბამისი განცხადება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამასთან, პატრიარქის ბრძანების შესაბამისად, მოსკოვის ეპარქიის ეკლესიებსა და მონასტრების ხელმძღვანელებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და ზომების უზრუნველსაყოფად.

სასულიერო პირების მიერ ბრძანების უგულვებელყოფის შემთხვევაში, მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ან მათ მოუწევთ ეკლესიის სასამართლოს წინაშე წარდგომა.

ცნობისთვის, პატრიარქმა კირილმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულებზე ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ და სახლიდან ელოცათ. ამასთან, აკრძალვა ეკლესიებში სიარულზე, რომელიც სააღდგომოდ დაწესდა, ჯერ კიდევ ძალაშია.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობები რუსეთში სასულიერო პირთა ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ.

ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 93 558 შეადგინა. ამ მონაცემით, რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით, ირანის მონაცემებსაც გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 73 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 867 შეადგინა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელებულია 8 456 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button