მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პატრიარქმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა, საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მილოცვაში ილია მეორე სრული ტიტულით მოხსენიებული არაა და ამოღებულია ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი.

“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო ძმაო და უფლის შემწირველო!

გულითადად გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს – თქვენს 90 წლის დაბადების დღეს.

თქვენი უწმიდესისა და უნეტარესის ცხოვრების გზა განუყრელად არის დაკავშირებული ქრისტესთან, რომელიც გიყვართ ყრმობიდანვე. ეკლესიის წინააღმდეგ დევნის მკაცრ დროს, თქვენ აირჩიე ღვთის მსახურების ეკლიანი გზა. წმინდა სერგის დიდ კელიაში სულიერი განათლების მიღების შემდეგ, ივერიის ეკლესიის საკეთილდღეოდ დაიწყო გულმოდგინებით მუშაობა, რითაც გაზარდეთ უფლის მიერ მიცემული ძღვენი. როგორც კი დაინახეს თქვენი პატივმოყვარეობა და მონდომება ქრისტეს დიდებისადმი, თანამეუფეებმა აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

მრავალი წლის განმავლობაში გონივრულად მართავდით თქვენთვის მინდობილ მემკვიდრეობას, აჩვენთ სამწყსოს ხატი ღირსი პირველი იერარქისა, მოწოდებული იყო უმწიკვლო, როგორც ღვთის მმართველი, მოსიყვარულე კეთილი, სამართლიანი და ღვთისმოსავი. თქვენი მდიდარი გამოცდილება, როგორც ამქვეყნიური, ისე სულიერი, რომელსაც გულუხვად უზიარებთ ყველას, ვინც თქვენთან მოდის, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფასი ქონება.

მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში”, – წერს რუსეთის პატრიარქი მილოცვაში.

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს.

„უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა!

სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და ორმოცდახუთისა წელიწადისა დღიდან გამორჩევისა თქვენისა!

წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისა ცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ, ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა!

ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთა და ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და, კერძოდ, ჩვენისაცა, თქვენისა დიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნად მადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენით წინასწარმეტყველისებრითა მოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასა და რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთ სრულიადცა მორწმუნე ერი ესე!

უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!“ – წერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი მისალოც წერილში.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს.

ფორმულა პაპის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად თქვენი აღსაყდრების ორმოცდახუთ წლისთავსა და დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადმოგცემთ ჩემს გულითად და საუკეთესო სურვილებს, ჩემს ლოცვებთან ერთად, რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა და უხვი სულიერი წყალობა თქვენს მრავალწლიან სამწყსოს მსახურებაში. მაშინ, როცა უფლისადმი თქვენი მრავალწლიანი მსახურების პერიოდში თქვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევისა და ფართომასშტაბიანი გარდაქმნის წინაშე იდგა, თქვენდამი მინდობილი ეკლესია ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვაოდა.

ეს მაგონებს მოციქულის სიტყვებს “მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე” (ფილ 1:6). ამასთან დაკავშრებით, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგცეთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, კვლავაც დაამოწმოთ ქრისტესეული სიყვარული მსოფლიოში და იღვაწოთ თქვენი სამწყსოსა და მთელი ქართველი ერის სასიკეთოდ.

მსურს იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მუსიკალურ ნაწარმოებს – ხშირად ვუსმენ მათ, როგორც ძვირფას საშუალებას, რომელიც ლოცვისთვის მზადებაში მეხმარება. ამას ჩემთვის დიდი სარგებელი მოაქვს! ძვირფასო უფლისეულო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა თავისის მოსასხამის ქვეშ დაგიფაროს, გიძღვნი ძმურ სამშვიდობო ამბორს და ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას მომიხსენიოს ლოცვებში”, – წერია რომის პაპის წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button