რუსეთის ფედერაციის კომუნისტებმა “ბურჟუა დი კაპრიო” გააკრიტიკეს

პოლიტიკურმა პარტიამ -“რუსეთის კომუნისტები” ლეონარდო დიკაპრიო მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ვლადიმერ ლენინის როლის შესრულება სურს, – იუწყება გამოცემა Росбалт-ი.

“მას ლენინის ცხოვრებაზე წარმოდგენა არ აქვს, თვითონ კი ბურჟუაზიულ ცხოვრებას ეწევა. ჩვენ მისი სურათი პროტესტის ნიშნად დავხიეთ და “Ленфильм”-ს წერილი გავუგზავნეთ იმიტომ, რომ აღნიშნულმა კინოსტუდიამ დიკაპრიოსთვის რეკვიზიტის მიწოდება განიზრახა. მოვითხოვთ, რომ “Ленфильм”-მა მსგავსი პრეცედენტი არ დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ!”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სერგეი მალინკოვიჩმა.

პროტესტის მიუხედავად, “რუსეთის კომუნისტები” დათმობაზეც წავიდნენ. მათ მოითხოვეს, რომ დიკაპრიომ საკუთარ კუნძულს, რომელიც ცენტრალურამერიკულ სახელმწიფო ბელიზის მახლობლად არის განლაგებული, ულიანოვსკი დაარქვას და იქ ოქტომბრის რევოლუციის მუზეუმი გახსნას.

თუმცა კომუნისტების მოთხოვნები ამაზე არ მთავრდება. ლენინის როლის მიღებისთვის დიკაპრიომ ნახევარი წელი კრასნოიარსკის რაიონის სოფელ შუშენსკოეში უნდა იცხოვროს, სადაც ლენინი სამი წელი გადასახლებაში იმყოფებოდა.

“მას ლენინზე ფულის გაკეთება უნდა. ამის უფლებას არ მივცემთ! ჯერ უბრალო რევოლუციური მეზღვაურის როლი ითამაშოს, დანარჩენი მერე ვნახოთ”, – ხაზგასმით აღნიშნა მალინკოვიჩმა.

როგორც უცხოური პრესიდან ცნობილი გახდა, თურმე ლეონარდო დიკაპრიო ვლადიმერ პუტინის, რასპუტინისა და ლენინის როლებზე ოცნებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button