მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ესხმის თავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 2 დარტყმა – საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 2 უპილოტო საფრენი აპარატიც. გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 6 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ბახმუტის მიმართულება უკრაინაში ამ დრომდე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება –
ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აქ ყოველი მეტრი მნიშვნელოვანია.

“რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში კურახოვზე ძალზე სასტიკი, აბსოლუტურად მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა. კერძოდ, თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა ათია. ბევრია დაჭრილი. ვუსამძიმრებ ნათესავებსა და მეგობრებს… მარადიული ხსოვნა რუსული ტერორის ყველა მსხვერპლს! დონეცკის რეგიონში და ბახმუტის მიმართულებით ძალიან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ყველაზე ცხელი წერტილიც სწორედ აქ არის. ყოველი მეტრი მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, ვინც მტერს სწორედ იქ ანადგურებს – ყოველდღე, ყოველ ღამე, ყოველ საათში.

ენერგეტიკის სექტორი არის მუდმივი პუნქტი ჩვენს დღის წესრიგში – როგორც შტაბის, ისე მთავრობის დონეზე. მე გავმართე შეხვედრა ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისა და ჩვენი ელექტროსადგურების დაცვაზე. ჩვენ მუდმივად ვზრდით ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების დონეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა, როგორც ეს იყო რუსული ენერგოტერორის დაწყებამდე. დრო გვჭირდება. ელექტროენერგიის გრაფიკით გამორთვა ხდება. ყველაზე მეტი გამორთვა დაფიქსირდა კიევში, ასევე ლვოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავას, ვინიცის რეგიონებსა და ზაკარპატიაში,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, 2014 წლის მოვლენების შემდეგ ყირიმში აქტივების დაკარგვის გამო, რუსეთს 1,1 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ოშადბანკის სასარგებლოდ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ რუსეთი უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, თუმცა პუტინის თქმით ეს რუსეთის პასუხია, ვინაიდან უკრაინამ თავად დაიწყო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა როცა ყირიმის ხიდს დაესხა თავს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში ოქროს ვარსკვლავის მედლის ცერემონიაზე რუსულ ჯარს ესაუბრა.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არაერთი თავდასხმის მიუხედავად, ამ დრომდე რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ისინი უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უხსნიდნენ ცეცხლს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დონეცკს წყალს არ აწვდის, რაც “გენოციდის აქტია”.

„ახლა ბევრი ხმაურია მეზობელ ქვეყანაში ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება გენოციდის აქტია. ამაზე სიტყვა არავის უთქვამს. ზოგადად სრული სიჩუმეა. ჩვენ უბრალოდ უნდა ავმოძრავდეთ და საპასუხოდ რამე გავაკეთოთ“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button