მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც შეეძლო„ვაგნერის“ დამფუძნებლის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW), თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია ერთადერთი, ვისაც შეეძლო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სამხედრო სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუს სამხედრო ელემენტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს, პუტინის ბრძანების გარეშე პრიგოჟინის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიეღოთ, – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პუტინის ბრძანება, სავარაუდოდ, არის საჯარო მცდელობა, აღადგინოს მისი დომინირება და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რაც მან და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივნისს “ვაგნერის” ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების გამო განიცადეს.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არის სუსტი ლიდერი, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც, რომლებიც, ბევრი რუსის აზრით, ვერ ხედავენ, რომ 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა

ISW აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი ცოცხალი დარჩა მხოლოდ პუტინის მითითებით, ორი თვის შემდეგ კი, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტა, რომ „ვაგნერელებს“ შორის პრიგოჟინის ავტორიტეტი უკვე საკმაოდ შერყეულია, თავად კერძო სამხედრო კომპანია კი, გახლეჩილი და დასუსტებულია და სერიოზულ პრობლემებს აღარ უქმნის.

„ვაგნერთან“ დაკავშირებული ტელეგრამ-არხის, grey zone-ის თანახმად, ეს ფოტო ასახავს ტვერის მახლობლად 23 აგვისტოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ცეცხლმოკიდებულ ფრაგმენტებს

რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს, ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსის” ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცხედრები იმდენად დამწვარია, რომ ამოსაცნობად დამატებითი ექსპერტიზაა საჭირო. 23 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრიგოჟინი შესაძლოა, თვითმფრინავში არ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარი მგზავრების სიაშია შეტანილი. რუსეთის ხელისუფლებას პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ევგენი პრიგოჟინი „რუსეთის მოღალატეების“ ქმედებების შედეგად დაღუპულად გამოაცხადა „ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსულმა ტელეგრამ-არხმა Grey Zone-მა. ბრიტანულ BBC-ს „ვაგნერის“ ექვსმა წევრმა ამა თუ იმ ფორმით დაუდასტურა პრიგოჟინის სიკვდილი. როგორც ერთ-ერთმა თქვა, „ეს დასასრულია“.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს” კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button