რუსეთის პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტს შეხვდება
პრეზიდენტი პუტინი დსთ-ს ქვეყნების ლიდერებთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.
უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა თურქმენეთში გაიმართება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი 11 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.
თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით პუტინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში.
„არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ერთზე უკვე შევთანხმდით – ეს არის შეხვედრა ირანის პრეზიდენტ პეზეშკიანთან. ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობისაა როგორც ორმხრივი საკითხების განსახილველად, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული სიტუაციის განსახილველად”,- აღნიშნა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ფორუმზე მიწვეული არიან სხვა მეზობელი ქვეყნების ლიდერებიც – ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების ლიდერებთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„საღამოს პრეზიდენტს ექნება არაფორმალური შეხვედრა დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან, რომლებიც ამ დროისთვის უკვე ჩამოვლენ მოსკოვში ხვალ დაგეგმილი დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი გამართავს სპეციალურ ბრიფინგს, სადაც ისაუბრებს ყველა პრიორიტეტსა და საკითხზე, რომელთა განხილვაც იგეგმება ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე.
დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომა მოსკოვში 8 ოქტომბერს გაიმართება.