რუსეთის პრეზიდენტი, საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან“, შეხვედრას არ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი, სავარაუდოდ, შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან ალიაქსანდ ლუკაშენკასთან. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებთან ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან.
ოკუპირებული აფხაზეთს დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“. პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ცნობაში ნათქვამი არ არის.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან“, ასლან ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავს.
შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ვლადიმერ პუტინის განრიგში აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედის“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.
უფრო ადრე კრემლში პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრა დაანონსდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა შესაძლოა პარასკევს 17 თებერვალს შედგეს.
ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ ხვალ გეგმავს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას.
ტელეგრამის არხი БОНВ[Ӕ]РНОН გუშინ იტყობინებოდა, რომ „სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 22 თებერვალს შეხვდება“.
რუსულმა ტელეგრამის არხმა МИГ-მა დაწერა, რომ „მოსკოვში ჩასასვლელად ემზადება რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური“. „დეტალები უცნობია. ველით ოფიციალურ ინფორმაციას“,- ნათქვამია შეტყობინებაში.
იმავე წყარომ გამოაქვეყნა სახელმწიფო დუმის დეპუტატის, პარტია „სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის“ წარმომადგენლის დმიტრი კუზნეცოვის განცხადების შესახებ პოსტი. კუზნეცოვი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე გადაწყდება რუსეთის ბელარუსთან „ისტორიული შეერთების საკითხი“.
მოგვიანებით კუზნეცოვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა: „იმედი მაქვს, რომ 21 თებერვალს გადაწყდება ზუსტად ეს. ხომ უნდა ასრულდეს? ასევე არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, სულაც სსრკ 2 შეიძლება. ვლადიმირ ვალდიმიროვიჩი გენიალურად ატრიალებს ჭადრაკის დაფას, ამასაც ვნახავთ“.
ვლადიმირ პუტინი 21 თებერვალს მოსკოვში ფედერალურ კრებას სიტყვით მიმართავს. გასული წლის 21 თებერვალს პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. სამი დღის შემდეგ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბამ კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის “კონსტიტუცია ამ თემის განხილვის საშუალებას არ იძლევა”.
„ასეთი საკითხები ასე არ წყდება – პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუალებას“, – თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთი „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან” დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს.
შამბას თქმით, აფხაზეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს თუნდაც „ასეთი კითხვის დასმისთვის“.
„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მსგავსზე არაფერზე გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ოფიციალური პირებისგან გავიგეთ, რომ აფხაზეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება, ეს არაერთხელ გაკეთებულა, ამაზე ისაუბრეს როგორც პრეზიდენტმა, ასევე რუსეთის ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა“, – განაცხადა შამბამ.
სერგეი შამბას განცხადებით, დღეს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოში შეხვედრას გამართავს. თავად შამბა უახლოეს მომავალში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.