მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტის დაკავება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა სიტუაცია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას ეხება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები, რომ თუ პუტინი მის ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ.

„მოდით წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს განხორციელდება, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და დააკავეს. რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის! და ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალება გაფრინდება ბუნდესტაგში, კანცლერის ოფისში და ა.შ. ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, ომის გამოცხადება? თუ ცუდად სწავლობდა?” – განაცხადა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის „სამართლებრივი არარაობა, რომელსაც, დაარსების დღიდან, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია“.
ამასთან ევროკავშირმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, EU გმობს რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლის უკანონო მუქარას, რომ გამოიყენოს ძალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ის მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ მედვედევმა 20 მარტს საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა: “სავსებით შესაძლებელია
წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” რუსული გემიდან ჰააგის მიმართულებით გაშვება”.
ამასთან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინას რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიასაშუალებებთან დღევანდელ ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ „გეოპოლიტიკური მიზეზებით“ დიდხანს ეგუებოდნენ იმას, რომ რუსეთი და “მისი ნაწილი” უკრაინა „სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ“. მედვედევმა უკრაინის საზღვრებს „გამოგონილი“ უწოდა და თქვა, რომ ეს ტერიტორია ყოველთვის „რუსეთის იმპერიის“ იყო.

მედვედევმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი ვერ დაუშვებდა ნატოში უკრაინის შესვლას, „სპეციალური სამხედრო ოპერაციაც“ ამიტომ დაიწყო და დასავლეთი შეცდა, როცა ეგონა, რომ რუსეთი ამას ვერ გააკეთებდა. მედვედევმა ისიც გაიმეორა, რომ დასავლეთს რუსეთის დანაწევრება სურს.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button