რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის კოდექსში მობილიზაციასა და ომის პერიოდთან დაკავშირებულ ცვლილებებს
რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსში შედის განსაზღვრებები ცნებებისა “მობილიზაცია”, “საომარი მდგომარეობა” და “საომარი დრო”.
მუხლში, რომელიც ეხება სასჯელის დამამძიმებელ ვითარებას, სიტყვები “შეიარაღებული კონფლიქტისა ან საომარი მოქმედებების პირობებში” ჩანაცვლებულია ფრაზით “მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის პერიოდში, საომარ დროს, ან შეიარაღებული კონფლიქტის, თუ საომარი მოქმედებების წარმოებისას”.
გარდა ამისა, კოდექსს ემატება მუხლები მაროდიორობის და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარების შესახებ. ტყვედ ჩაბარებისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან 10 წლამდე, თუკი არ იკვეთება სახელმწიფოს ღალატის ნიშნები. მაროდიორობა ისჯება 15 წლამდე კოლონიით.
ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რეზერვში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც გაწვევა შეეხება, დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოუცხადებლობაზე და დეზერტორობაზე, რომელიც თანაზომადი იქნება საკონტრაქტო და გაწვეული სამხედროების სასჯელისა.
შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა 20 სექტემბერს მიიღეს – ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდებოდა.
პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამასთან რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციებზე მყოფ მოქალაქეებს პოლიციელები კვლავ აკავებენ.
დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისებს აძლევენ. ამასთან, იმართება შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
საპროტესტო გამოსვლები დაწყებულია ციმბირის რეგიონის რამდენიმე ქალაქში, ხოლო მასშტაბური აქცია დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ადგილობრივი დროით, 5 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორი რუსეთის ახალგაზრდა დემოკრატიული მოძრაობაა, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ იმ ქალაქებში, სადაც დემონსტრაციები უკვე დაწყებულია პოლიციის თანამშრომლები მასიურად აკავებენ აქციის მონაწილეებს თავიანთი პროტესტის გამოხატვის გამო.
ხაბაროვსკში დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც ქალაქის ცენტრში, ლენინის მოედანზე იყვნენ გამოსული და მობილიზაციას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ და სწორედ ამ მიზეზით მოხდა მათი დაკავება.
საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, ვოლგოგრადში სამთავრობო აქცია მიმდინარეობს. შეკრების მონაწილეები მხარს უჭერენ მობილიზაციის გადაწყვეტილებას. აქციას ესწრებიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და უკვე გაწვეული სამხედროების დედები და შვილები.
სანქტ-პეტერბურგში, რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს ჩხრეკა და სპეცოპერაცია იმ პირების საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც ომის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები არიან. ჩხრეკა მიმდინარეობს რამდენიმე ოპოზიციონერი ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლშიც. ამის მიუხედავად, აქტივისტები მოქალაქეებს აფრთხილებენ არ შეუშინდნენ პროვოკაციებს და გამოხატონ მათი პოზიცია საჯაროდ. მასშტაბური დემონსტრაცია დიდ ქალაქებში დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.