მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა ომი ახსენა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნაცვლად ომი ახსენა. სიტყვა, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თავად რუსეთის პრეზიდენტს წამოსცდა.

პეტერბურგის მუნიციპალური სათათბიროს დეპუტატმა ნიკიტა იუფეროვმა, რუსეთის გენერალურ პროკურორ იური კრასნოვს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს მიმართა, გამოიკვლიონ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა, რომლის დროსაც მან სიტყვა “ომი” ახსენა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კონტექსტში.
იუფერევმა უწყებებს პუტინის 21 დეკემბრის გამოსვლის ტექსტის გადამოწმება სთხოვა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე უკრაინის კონტექსტში სიტყვა “ომი” ახსენა.
იუფერევის თქმით, პუტინმა ამ განცხადებით დაარღვია კანონი რუსეთის ჯარის შესახებ “ფეიკ ნიუსების” გავრცელებაზე. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ სიტყვების გამო რუსეთში უკვე ათასობით ადამიანი გაასამართლეს.

„ვლადიმერ პუტინმა ომს ომი უწოდა: „ჩვენი მიზანი ამ ომის დასრულებაა“ [თქვა პუტინმა]. თუმცა არ ყოფილა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განკარგულება, ომი არ გამოცხადებულა. რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე გაასამართლეს ომის შესახებ ამგვარი სიტყვების გამო. მივმართე ორგანოებს, რათა პუტინი ჯარის შესახებ “ფეიკების” გავრცელების გამო პასუხისგებაში მიეცეს“ – წერს იუფერევი.

ნიკიტა იუფეროვი დეპუტატთა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომელმაც სახელმწიფო დუმას მიმართა, უკრაინაში შეჭრის გამო პუტინის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმის აღძვრის მოთხოვნით. მოგვიანებით თვითონ დეპუტატები დაადანაშაულეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციაში“ და თითოეული მათგანი დააჯარიმეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თავის სტატისტიკაში „ყალბი ცნობების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვა აგვისტოდან დაიწყო. უკვე სექტემბრისთვის აღძრული იყო 149 საქმე, ოქტომბერში მათი რაოდენობა 161-მდე გაიზარდა, ნოემბერში – 171-მდე, 1 დეკემბრის მონაცემებით კი 180 საქმეა აღძრული. ამასთან, 146 ადამიანი ბრალდებულია „ფეიკებზე“, დანარჩენი 34 კი – დამატებითი ეპიზოდებისთვის. 21 საქმეა აღძრულია რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებული სტატიებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button