მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა შავი ზღვის “მარცვლეულის შეთანხმების” განახლებაზე უარი თქვა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, დღეს სოჭში მოლაპარაკებები გამართეს მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რომლიდანაც რუსეთი ივლისის შუა რიცხვებში გავიდა.
ეს იქნება ერდოანის პირველი ვიზიტი რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი პირადი შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შავი ზღვის “მარცვლეულის შეთანხმების” განახლებაზე უარი თქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ ამის შესახებ პუტინმა სოჭში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“გვაიძულეს ეს გადაწყვეტილება მიგვეღო… დასავლეთი აგრძელებს შეთანხმების ბლოკირებას” | პუტინი “მარცვლეულის შეთანხმების” დაბლოკვაზე

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 18 ივლისიდან შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტაზეც. ბატონმა პრეზიდენტმა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. როგორც ადრეც არაერთხელ მითქვამს, ჩვენ, რუსეთი, უბრალოდ გვაიძულეს, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, რადგან დასავლეთი აგრძელებს შეთანხმების ბლოკირებას იმით, რომ ხელს უშლის რუსი მწარმოებლების შესვლას მსოფლიო ბაზრებზე, – ამბობს პუტინი.

თუმცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანა მზადაა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი “მოსკოვისთვის მიცემული პირობები შესრულდება”.რუსეთის სურსათის ექსპორტზე.

“მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა, ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვუთხარი პრეზიდენტს და ამას გავაკეთებთ, როგორც კი ყველა შეთანხმება შესრულდება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ყველა მოთხოვნის შესრულებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. ჩვენ არ ვართ ამ მარცვლეულის შეთანხმების წინააღმდეგი. ჩვენ მზად ვართ, მას დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ, როგორც კი ჩვენთვის მოცემული დაპირებები შესრულდება. რუსული მხარე ყოველთვის თანხმდებოდა, რომ მარცვლეულის დერეფნები განკუთვნილი იყო სურსათის ექსპორტისთვის. ის არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენება. ჩვენ ამას ვხედავთ”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარასა და მოსკოვს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

აღნიშნული განცხადება თურქეთის ლიდერმა სოჭში, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“შეხვედრაზე რეგიონული პროცესები განვიხილეთ. ჩვენი მჭიდრო კონტაქტი რუსეთთან რეგიონული და გლობალური პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ანკარა კვლავ აცხადებს, რომ მზად არის, შუამავლის როლი ითამაშოს უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგან რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფით არის დაინტერესებული”, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი ასევე მზად არის, რუსეთს მარცვლეულის გადამუშავებაში და უკვე ფქვილის სახით აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში ტრანსპორტირებაში დაეხმაროს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქალაქ სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც შეეხო, რომელშიც რუსი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსი ინჟინრების მონაწილეობით უკვე შენდება აქუიუს ატომური ელექტროსადგური.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა გასულ კვირაში მოსკოვში ვიზიტისას, გაერომ თურქეთთან ერთად მოამზადა ახალი წინადადებები, რომლებიც შეიძლება გახდეს მარცვლეულის შეთანხმების განახლების საფუძველი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ ახალი წინადადებები, რომლებიც გაეგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რუსული სურსათის ექსპორტსაც ეხება.

მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სურსათის ექსპორტი წარმოებდა რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, 2022 წლის ივლისში დაიდო. ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა პირობებს შავი ზღვის გავლით რუსეთისა და უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებლად ექსპორტისთვის შუამავლების გარანტიით.

2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებათა ნაწილი, რომლებიც რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტს ეხებოდა, არ შესრულდა.

18 ივლისს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოდესის რეგიონის რეგულარული დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმა.

ივლისის ბოლოს The Wall Street Journal-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პუტინი უგულებელყოფს ერდოანის თხოვნას მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების შესახებ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის მიზეზად დაასახელეს თურქეთის მიერ პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში ექსტრადიციით პუტინის უკმაყოფილება. მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები 2022 წლის გაზაფხულზე დანებდნენ და გაცვლის შედეგად ისინი სტამბოლში გადაიყვანეს. გაცვლის პირობების თანახმად, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button