მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა.

რუსული მედია წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე პუტინმა თავად თქვა, ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს.

„ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთავარი საკითხი არის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირება, ზოგადად, და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ყარაბაღთან“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთისთვის ახლა მთავარ და ოპერატიულ საკითხს წარმოადგენს ე.წ. ლაჩინის დერეფანში არსებული კრიზისი.“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობო კონტიგენტი ლაჩინის დერეფანს ვერ აკონტროლებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ოცი დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით (2020 წლის ნოემბერი) ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ კი, ლაჩინის დერეფანში მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების გარანტია გასცა. ახლა ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბრიდან ე.წ. ლაჩინის დერეფანი, რომელზეც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებს აქვთ ჩაკეტილი, რომლებიც ბუნებრივი რესურსების საბადოების უკანონო ექსპლუატაციას აპროტესტებენ. ერევანში აცხადებენ, რომ გზის ბლოკირების გამო ყარაბაღში მოსახლეობას პროდუქტები და მედიკამენტები არ მიეწოდება, რაც ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button