რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირში გატანის შეზღუდვის შესაძლებლობა დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირში გატანის შეზღუდვის შესაძლებლობა დაუშვა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივასტოკში მიმდინარე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან აპირებს განიხილოს უკრაინიდან ევროპაში მარცვლეულისა და საკვების ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობა, რადგან პროდუქტი არ იგზავნება ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, რომლებსაც ის სჭირდებათ.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის გატანა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ თურქეთთან ერთად. თურქეთს თუ გამოვრიცხავთ, როგორც შუამავალ ქვეყანას, მაშინ უკრაინიდან ექსპორტირებული თითქმის მთელი მარცვლეული იგზავნება არა განვითარებად უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოთხმოცდაშვიდიდან მხოლოდ ორი გემი იყო დატვირთული გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „თავხედურ ტყუილში“ დასდო ბრალი დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლებას მოითხოვდნენ აფრიკის და მსოფლიოს სხვა ღარიბი ქვეყნებისთვის. პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინიდან პრაქტიკულად, მთელი ხორბალი არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებში მიაქვთ.
„მინდა, ვთქვა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებში და საუკუნეებში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასევე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მათ მოტყუებას. ცხადია, ამ მიდგომით მსოფლიოში სურსათის პრობლემების მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება, სამწუხაროდ, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა. იქნებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მარცვლეულისა და საკვების ექსპორტის მიმართულება ამ მარშრუტზე? აუცილებლად გავივლი ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან“, – განაცხადა პუტინმა.
დღეს, 7 სექტემბერს, ვლადივოსტოკში, “აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა დღესაც კოლონიზატორივით იქცევა, ამიტომ, თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს დაელაპარაკება უკრაინიდან ევროპაში ხორბლის გატანის შესაძლო შეზღუდვის მიზნით.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას “მოულოდნელი და უსაფუძვლო” უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიახილო პოდოლიაკმა. მან სააგენტო “როიტერსს” უთხრა, რომ რუსეთს შეთანხმების გადახედვის არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან უკრაინა პირობებს ასრულებს. პოდოლიაკის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალი აგრესიული თემების მოძიების მცდელობაა.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის პორტები დაბლოკა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს, ამიტომ, უკრაინა ვეღარ ახორციელებდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს.