ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში

დღეს დილით ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი შევიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Porter-ი საქართველოს სტუმრობს. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად, ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.
USS Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და მას წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.
გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიაში მონაწილეობს, ხელს უწყობს ევროპაში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას და მხარს უჭერს ნატოს ოპერაციებს და მისიებს.
აშშ-ის საელჩო საქართველოში ბათუმის პორტში ამერიკული გემის შესვლას სიხარულით მიესალმა. საელჩო ფეისბუკში წერს, რომ „ვიზიტის მიზანი, საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად, ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა“.