მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდება

გაეროს ექსპერტები შიშობენ, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ, მდინარე დნეპრის დინებას შესაძლოა, შავ ზღვაში ჩაეტანა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა”, – თქვა მან.

პოლ ჰესლოპმა, რომელიც უკრაინაში ხელმძღვანელობს გაეროს განაღმვის პროგრამას, 21 ივნისს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები(ПФМ-1), რომლებსაც „პეპელას“ უწოდებენ. პოლიეთილენის გარსის მქონე ნაღმი დაახლოებით 80 გრამს იწონის.

გაეროს ექსპერტის თანახმად, სიმსუბუქის გამო, ამ ტიპის ნაღმები წყალმა შესაძლოა, დიდ მანძილზე წაიღოს, განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
ჰესლოპის თქმით, ასეთია ნაღმი “პეპელა”, რომელიც პატარაა, ჰერმენტული და პლასტმასის – სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუძლია წყალზე ცურვა. ჰესლოპმა თქვა, რომ დარწმუნებულია, ეს ნაღმები “განსხვავებულ ადგილას იქნება გაფანტული”.

სხვა, უფრო მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ვერ შეძლებდნენ შორს “გამგზავრებას”.

“ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილის ვერ გაივლის, რასაც 50-დან 60 გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთი რამაა, რომელიც უნდა დაემატოს გადასაჭრელ პრობლემებს”, – თქვა მან.

მისი თქმით, მთელი რიგი ასაფეთქებელი მოწყობილობები, იქნება ეს აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, თუ ნაღმები და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ჩარეცხილი იქნება მდინარის ქვემოთ.

უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში ადანაშაულებს. რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს დივერსიაში.

კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა წყალზე წვდომის შეზღუდვის და ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, რომელიც ლონდონში მონაწილეობს უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, 21 ივნისს განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს მიაყენა 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button