რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა-წყალდიდობის ზონაში 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია. ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში შესაძლოა 4 ათასამდე კერძო საცხოვრებელი და კორპუსი მოხვდეს, რომლებშიც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა. ევაკუაციისთვის მომზადებულია ექვსი დროებითი განსახლების ცენტრი.
ამასთან მაშველებს 6 აპრილს გასაბერი ნავებით გადაჰყავდათ ხალხი უფრო შემაღლებულ ადგილებზე, მდინარე ურალის ადიდების ფონზე ორენბურგის რეგიონში, ქალაქ ორსკის ჩათვლით.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განმარტავენ, კაშხლის გამაგრებაზე მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.
ორსკის სადისპეტჩერო საგუშაგოზე დაყრდნობით, რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ კაშხლის გარღვევის მიზეზი წყლის დონის აწევა შეიძლება იყოს, რადგან საგაზაფხულო დათბობა ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე დაიწყო, რასაც მოჰყვა მდინარეების ადიდება.
სახელმწიფო სააგენტო TASS-ი 6 აპრილს იუწყებოდა კაშხლის სრულ კოლაფსზე, თუმცა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს.
სამთავრობო უწყებების განცხადებით, წყალდიდობით მოცულ რეგიონში ნაპოვნია სამი გვამი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია სამივე ადამიანის სიკვდილი თუ უკავშირდება წყალდიდობას.
„სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს: ორი ქუჩაში და ერთი სახლში. ამ უკანასკნელმა პარასკევს საღამოს ევაკუაციაზე უარი განაცხადა“, – წერს TASS-ი.
TASS-ის ცნობით, ორსკში 2400-ზე მეტი სახლი დაიტბორა და 711 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ორსკი ორენბურგის ოლქის სიდიდით მეორე ქალაქია, სადაც 189 ათასი ადამიანი ცხოვრობს.