რუსეთის რეგიონები, სავარაუდოდ, უკრაინიდან დაიბომბა

რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ტულის რეგიონების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათი რეგიონები, სავარაუდოდ, უკრაინიდან დაიბომბა.
ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორის თქმით, რეგიონის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა შეაღწია.
“დღეს უკრაინის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინიდან კლიმოვსკის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ლიუბეჩანში შეაღწია. დივერსანტებმა მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მკვიდრი და დაიჭრა ათი წლის ბავშვი”, – წერს გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დივერსიული ჯგუფის სალიკვიდაციოდ ყველა სამუშაოს ატარებენ.
უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბრიანსკის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინელმა დივერსანტებმა ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ სუშანში 50-მდე უკრაინელი დივერსანტი იმყოფება. ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.
ბრიანსკის ოლქის ორ სოფელში მყოფ უკრაინელებთან ბრძოლაში ჩაერთო „როსგვარდიის“ დანაყოფები. ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, უკრაინის არმია დღეს ორ დასახლებულ პუნქტს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა“, – წერს რუსული მედია.
რუსეთის კიდევ ერთი რეგიონის, კურსკის რაიონის სოფელ ტეტკინოს დაბომბვის შესახებ განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა და დასძინა, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაზარალებულები.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ ორი მამაკაცი დაშავდა – ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, მეორე კი საშუალო სირთულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე დროს აფეთქება მოხდა ტულის რაიონის სოფელ ბერეზოვსკში. სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სოფლიდან 600 მეტრის დაშორებით აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნახევარი მეტრის სიღრმის ორმო იპოვეს. მსხვერპლი არ არის. ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, რომ შემთხვევის ადგილზე უპილოტო თვითმფრინავი აფეთქდა.