მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის რეგიონებს დრონებით შეუტიეს

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებზე.

ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ და ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ 30-ზე მეტი დრონი გაანადგურა.
„უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა აღიკვეთა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზოვის ინფორმაციით, რომელსაც ის საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს, მასირებული შეტევა დაიწყო შუაღამისას და გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში.

გუბერნატორი წერს, რომ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, მისი თქმით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ვასილ ანოხინი, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი კი ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განადგურებული დრონების ნარჩენების აღმოჩენისას, არ მიუახლოვდნენ მათ და ინფორმაცია შეატყობინონ სპეციალურ სამსახურს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს ოცდარვა უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი – სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი -ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი – ტულას ოლქის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button