მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ-მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსეთს უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. გამოცემა “გარდიანის” ცნობით, ომში მყოფმა ქვეყანამ თავდასხმების ტალღა განახორციელა რუსეთის ელექტრო და ნავთობქიმიურ ობიექტებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 აპრილის ღამეს რუსეთის რეგიონებში 50 დრონი ჩამოაგდეს. უწყება თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

26 დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქში, ათი – ბრაიანსკის, რვა – კურსკის ოლქის თავზე, ორი – ტულას ოლქში და თითო-თითო სმოლენსკის, რიაზანის, კალუგასა და მოსკოვის ოლქებში.

როგორც რუსეთის უწყებაში ამბობენ, ბელგოროდის ოლქის სოფელ პოროზში დრონიდან ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოგდების შედეგად კერძო საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი.
„დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე – ქალი, რომელიც იწვა მოტეხილი თეძოებით და მამაკაცი, რომელიც მასზე ზრუნავდა, გარდაცვლილის შვილმა ბოლო მომენტში მოახერხა გაქცევა ცეცხლმოკიდებული სახლიდან“, – წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ასევე, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ბრიანსკის ოლქში კარდიმოვსკის რაიონში მდებარე სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
დრონმა ასევე დააზიანა კალუგის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. არავინ დაშავებულა.

სმოლენსკის ოლქში საწვავი და საპოხი მასალების კონტეინერს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც კურსკის ოლქში.

რაც შეეხება უკრაინასა და ქვეყნის დახმარებას – ომში მყოფი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 61 მილიარდიან დახმარების პაკეტს ელოდება. კანონპროექტს კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის რეგიონებს ხშირად უტევენ დრონებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის თავდასხმების „ჩახშობის“ და რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესახებ. კიევი ამ შეტყობინებებზე კომენტარს არ აკეთებს.

თავის მხრივ, ოდესის რეგიონში, რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე იტყობინება უკრაინული მხარე. მათი ცნობით, განადგურებულია კონტეინერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, რომლებიც უნდა გატანილიყო აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button