მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საკითხი განიხილება.

„ეს არის სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო მომავალში აღიარებს გენოციდად“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც გუშინ პირადად ჩავიდა კიევის ოლქში მდებარე ქალაქში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი მუშაობს თავის პარტნიორებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, პასუხისმგებელი პირების დასადგენად.

რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრალდებას უარყოფს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, გამოაქვეყნა რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფთა ნომრები, რომლებიც ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში იმყოფებოდნენ და შესაძლოა მონაწილენი იყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში. არესტოვიჩის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ნახსენებია ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალიზებული მოტორიზებული პოლკიც. გარდა ამისა, მთლიანად დასახელდა 13 რუსული ქვედანაყოფი.

„ჩრდილოეთის“ სახელით ცნობილი 141-ე პოლკია უკრაინის ტერიტორიაზე არსებობა არაერთგზის დაადასტურა ჩეჩნეთის ლიდერმა, მათ შორის სულ პირველად 26 თებერვალს. მაშინ ჩეჩნეთის მეთაურმა უარყო ქვედანაყოფის მეთაურის, მაგომედ ტუშაევის, დაღუპვა.

მიუხედავად ფოტო და ვიდეომტკიცებულებისა, რუსეთისს ხელისუფლება უარჰყოფს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. რუსმა დიპლომატმა „უკრაინელი რადიკალების აღმაშფოთებელი პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის არმიის მიერ კიევის გარეუბანში ჩადენილი მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.

შეგახსენებთ რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა და BBC-ის ცნობით, ის გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც მანამდე რუსული კოლონა იდგა.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

თეთრმა სახლმა კი თავისი პოზიცია დააფიქსირა ბუჩაში მასობრივი მკვლელობის შესახებ, ბუჩას შოკისმომგვრელი სურათები კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულს სჩადის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაყენებისთვის შტატები აქტიურად მუშაობს.

“თქვენ მოისმინეთ, რომ პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე. სურათები, რომლებსაც ვხედავთ, ტრაგიკულია, შოკისმომგვრელია, მაგრამ სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის.

ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე, რომ რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკეში ჩაერთვებოდა, მათ შორის, დისიდენტების მიზანმიმართულ მკვლელობებში. როგორც ბუჩადან შემზარავმა სურათებმა აჩვენა, სწორედ ეს გააკეთეს.

ჩვენ უკვე დავასკვენით, რომ რუსეთმა ჩაიდინა ომის დანაშაულები უკრაინაში და ბუჩადან ინფორმაცია აჩვენებს ომის დანაშაულის კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას. ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიოსთან, რათა უზრუნველვყოთ სრული პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებებზე,” – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჯეიკ სალივანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button