რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან; ასევე – დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო პრობლემატიკის ფართო სპექტრი.
„დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სამმხრივი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების პლატფორმის ფარგლებში კოორდინაციის თემას, რომელიც წარმოადგენს დიალოგის უნიკალურ ფორმატს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები (საქართველოსთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად) მონაწილეობენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ ორმხირივი ურთიერთობის ფარგლებში რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს.
იუწყებიან, რომ ორმხრივი შეხვედრების დროს ხელი მოეწერება 2024-2025 წლების კონსულტაციების გეგმებს.