რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ერთი კი – ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს, კიდევ თერთმეტი კი – ვოლგოგრადის ოლქის თავზე.
სამინისტრო ზარალსა და მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
ჯამში, სამინისტროს ცნობით, ღამისა და დილის განმავლობაში რეგიონის თავზე უკვე ჩამოგდებულია 15 დრონი.
ბელგოროდისგან განსხვავებით, ვოლგოგრადის ოქლი არ ესაზღვრება უკრაინას; მისი საზღვრიდან უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უახლოეს პუნქტამდე 300 კილომეტრზე მეტია.
ამასთან რუსეთის ბელგოროდის რაიონის სოფელ როჟდესტვენკაზე უკრაინული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ დილიდან საჰაერო თავდაცვის სისტემამ რეგიონში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ასევე, მედიის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა შებეკინსკის ურბანული რაიონის სოფელ მასლოვა პრისტანზეც. თავდასხმის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაეცა. ამ შემთხვევაში თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.