მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ

პუტინის განცხადებით ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს „არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“

რუსეთში, სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა.

სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშებს ადასტურებს ოლქის გუბერნატორი დმიტრი აზაროვი.

მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მისი განცხადებით, არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 500 კვადრატული მეტრია.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან რუსეთის არაერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე განხორციელდა დრონებით შეტევა. ოთხშაბათს დარტყმა განხორციელდა რიაზანის ქარხანაზე, რომელიც წელიწადში 17,1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და მოსკოვის მახლობლად მდებარე რეგიონებისთვის საწვავის ძირითადი მიმწოდებელია. ამასთან, დრონით იერიში მიიტანეს როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობქარხანასა და „ლუკოილის“ საწარმოზე ნიჟნი ნოვგოროდში. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ამ სამ საწარმოზე რუსეთის ნავთობის გადამუშავების მოცულობის 12% მოდის.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.

ასევე დრონებით თავდასხმა მოხდა რუსეთის ბელგოროდის ოლქშიც დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ბელგოროდზე თავდასხმა დილით განხორციელდა, რის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
“მამაკაცი სატვირთო მანქანას მართავდა, როდესაც ჭურვი მოხვდა, ამის შემდეგ მანქანა სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა”, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ინსტაგრამში დაწერა. მისი ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა, ავტობუსის მგზავრები არ დაშავებულან.

სოციალურ ქსელებში დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები გავრცელდა. დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სულ მცირე 15 მანქანა დაზიანდა.
კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა კოოპერატიული ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სადაც ის და მისი ვაჟი ძაღლებს კვებავდნენ. მამაკაცს თავისა და გულმკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. ბელგოროდის კიდევ ორმა მცხოვრებმა მიიღო დახურული თავის ტვინის ტრავმები. ისინი საავადმყოფოში არიან.

გლადკოვმა თავდასხმებში უკრაინის არმია დაადანაშაულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მარტის ღამეს ბელგოროდის რეგიონში სამი დრონი, რეაქტიული ჭურვი და რაკეტა “ტოჩკა-უ” ჩამოაგდეს. დილით, ამავე რეგიონში კიდევ რვა რეაქტიული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.

16 მარტის ღამეს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რეგიონზე რეგულარულად ხორციელდება უკრაინიდან სახმელეთო და საავიაციო იერიშები.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს „არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

„ხმის მიცემის ჩაშლის, ხალხის შეშინების მიზნით კიევის ნაცისტურმა რეჟიმმა რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული აქციები ჩაიფიქრა და განხორციელებას ცდილობს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების მიტანაა. რაკეტებისა და ჭურვების დაახლოებით 95% ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ნადგურდება.

ამისდა მიუხედავად, მშვიდობიან მოსახლეობაში დაშავებულები გვყავს… მოწინააღმდეგის ეს დარტყმები პასუხის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button