მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში დაიწყონ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ სევეროდონეცკის ასაღებად

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის აღმოსავლეთზე სრული კონტროლის დასამყარებლად პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. ამის შესახებ დღეს, დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი მონაცემებით, არტილერიის და მოიერიშე ავიაციის გამოყენებით, მოწინააღმდეგე ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევის განახლებას და ამავე ოლქის დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსული ძალები ცდილობენ პოზიციების გამყარებას ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის რაიონშიც. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში დაიწყონ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ სევეროდონეცკის ასაღებად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალების შეტევა და სარაკეტო-საავიაციო დარტყმები და ზოგიერთ რაიონში მტერს უპირატესობა აქვს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით.

ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამონაკლისებისა და შეზღუდვების გარეშე, შეიარაღებით უკრაინის სრული დახმარებისკენ.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, “დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად”.
დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის მოპოვებისა და სევეროდონეცკისა და ავდიივკას მახლობლად ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთი აქტიურად იყენებს ელექტრონული ომის საშუალებებს ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით.

„რუსული ძალები ახორციელებდნენ თავდასხმის ოპერაციებს უსტინივკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გრძელდება ბრძოლა ბახმუტის მიმართულებით. მტერმა წარუმატებლად სცადა შეტევა კომიშუვახას, ლიპოვოსა და ნაგირნის რაიონებში. ავდიივკას მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს თავდასხმის ოპერაციები კრასნოგოროვკას, კამენკას, ავდიივკასა და პესოკის რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მტერმა შეტევა სცადა ზოლოტა ნივას დასახლების ტერიტორიაზე, თუმცა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ნოვოპოლის, ჩარივნის, ორიხივისა და კამიანკას დასახლებების ტერიტორიებს. მიკოლაევის მიმართულებით მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა და უზრუნველყოს წვდომა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. რუსულმა ძალებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ტავრიისკის დასახლების ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია,“- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის ათი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 4 ტანკი, 2 საარტილერიო სისტემა, ჯავშანმანქანა და ერთი ერთეული სპეცტექნიკა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა კი გაანადგურეს Orlan-10 ტიპის 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავმა მტრის პოზიციებს დაარტყა – გაანადგურა პერსონალი და ათამდე ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ჩვენმა მებრძოლებმა ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან გერმანიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისა და უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის პრეზიდენტს შტუტგარტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. გერმანიის პრეზიდენტი პუტინს მოუწოდებს შეწყვიტოს ნგრევა უკრაინაში.

“პატივი ეცით უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტეთ ომი. ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ტანჯვა და ნგრევა უკრაინაში! გაიყვანეთ თქვენი ჯარი! და ნუ ამბობთ უარს პირდაპირ და სერიოზულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ზელენსკისთან.

პუტინის აგრესიული ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს. იმის გამო, რომ უკრაინის საზღვაო პორტებში მილიონობით ტონა მარცვლეული დაბლოკილია, მსოფლიოში ხორბალზე ფასი გაიზარდა.

მსოფლიოს ბევრ რეგიონს ემუქრება შიმშილი და სიკვდილი მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში,” – აცხადებს გერმანიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button