მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ისევ დაარტყეს უკრაინის პოლტავის ოლქს

მიკოლაივში, რუსეთის თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის, კიევისა და პოლტავას რეგიონებში , უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ . შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ რუსი სამხედროები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ისევ დაარტყეს უკრაინის პოლტავის ოლქს. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ლუნგინის ცნობით, წუხელ სამი დრონი დაეცა სამოქალაქო ობიექტებს, სადაც ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ლუნგინის თანახმად, კიდევ 3 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

31 ოქტომბერს, დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, უკრაინის ათ რეგიონში დაზიანდა 18 ობიექტი, ძირითადად, ენერგეტიკული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შედეგი გაცილებით უარესი იქნებოდა, რომ არა საჰაერო თავდაცვის ძალების გმირობა და პროფესიონალიზმი. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს „შორ მანძილზე მოქმედების, მაღალი სიზუსტის შეიარაღებით დარტყმები უკრაინის სამხედრო მართვის და ენერგეტიკის სისტემებზე“. რუსი გენერლის თანახმად, „დარტყმების მიზნები მიღწეულია და ყველა განსაზღვრული ობიექტი განადგურებულია“. მათი რიცხვი კონაშენკოვს არ უთქვამს.

ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს.

31 ოქტომბერს, სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჰკითხეს, იყო თუ არა უკრაინაზე მასირებული დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე. „ნაწილობრივ ასეცაა. მაგრამ, ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, – უპასუხა პუტინმა. 29 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით „ტერორისტული შეტევის” განხორციელებაში სევასტოპოლში მყოფ რუსულ გემებზე.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასირებული იერიში მიიტანეს 10 ოქტომბერსაც. რუსეთმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button