მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე იერიში მიიტანეს

ღამით რუსეთმა კიევისა და ოდექსის ოლქებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ ღამით კიევისკენ მიმავალი ყველა “შაჰიდი” ჩამოაგდეს.

“ამ დროისთვის დედაქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ დაფიქსირებულა”, – წერია კიევის ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
მისი სიტყვებით, დრონები რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, გადაფრინდნენ სუმისა და ჩერკასის რეგიონებზე და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევში შეფრინდნენ.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.

რეგიონის ხელისუფლებას ჯერ დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

რაც შეეხება ოდესას, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, “შაჰიდებით” შეტევის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

“ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და გაჩნდა ხანძარი. ჩვენმა მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის სამი ბავშვი. შვიდი ადამიანი დაშავდა და მიიღო დაზიანება, მათგან ორი ბავშვია”, – დაწერა ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა Telegram-ში.
ადგილობრივი ტელეგრამის არხებზე წერდნენ, რომ თავდასხმის პარალელურად იყო ძლიერი აფეთქებები.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ განადგურდა სულ მცირე 14 ბინა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

16-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება. ძლიერი აფეთქებები იყო ხარკოვშიც, სადაც სატელევიზიო ანძა ჩამოინგრა, შეფერხდა ციფრული ტელევიზიის მაუწყებლობა.

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, ოკუპანტების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები წარმოადგენდა. მისი თქმით, დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა და 26 კერძო სახლი. ასევე, სასწავლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, კულტურის დაწესებულება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და გაზსადენი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.

“გუშინ ღამით რუსებმა უკრაინას 2 ისკანდერის ტიპის რაკეტითა და 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 15 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის რეგიონებში”, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და ქალაქ კურსკიდან გაუშვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button