მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 15 საავიაციო იერიში განახორციელა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 15 საავიაციო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, საერთო ჯამში კი, ინფრასტრუქტურა 30 დასახლებულ პუნქტში დაზიანდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის, დნიპროს, სლავიანსკის, კრამატორსკის, ბახმუტისა და სევერსკის რაიონებზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერია რუსეთის არმიის ნაწილების შეტევა ექვს დასახლებულ პუნქტში. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 70 რუსი ჯარისკაცი და 27 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომთან, სადაც რუსი სამხედროების ბაზა არის განთავსებული, ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა.
16 სექტემბრის დილით ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ ცნობა და ვიდეოკადრები ტელეგრამის არხით რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ სტემოუსოვმა გაავრცელა. დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც შენობაში ქალაქისა და მუნიციპალური რაიონების საოკუპაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციის შენობა ნაწილობრივ განადგურებულია, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ხერსონის რაიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ეკატერინა გუბარევას, თქმით, დაიჭრა შრომის საკითხების დეპარტამენტის უფროსი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მისი მძღოლის დაღუპვის შესახებ.

გამოცემა “უკრაინსკა პრავდას” ცნობით, 16 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობა “იუგმა “განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები ე.წ. “ყალბი დროშის ქვეშ” ოკუპირებულ ტერიტორიებზე იერიშებს ამზადებენ. უკრაინის სარდლობა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ 17-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულებისგან თავი შეიკავონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button