მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმებს განაგრძობს

რუსეთის ჯარები განაგრძობენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონსოლიდაციას ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე დონეცკის რეგიონში შეზღუდული შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, “ომის შესწავლის ინსტიტუტის” (ISW) მოხსენებაში.

ISW უკრაინელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ
რუსეთი ხარკოვი-ლუგანსკის მიმართულებით „დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მართვის სისტემატიზებას” ახდენს – ამ რაიონში დასავლეთის სამხედრო ოლქის მე -20 კომბინირებული შეიარაღების ძალები სამ ჯგუფად მოქმედებენ: სვატოვოს მხარეში, კრემენნაია–რუბეჟნოეს ხაზზე და ლუგანსკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით. ამ ტერიტორიაზე ასევე ჩანს პირველი და მე-2 არმიის კორპუსის ნაწილები, 76-ე სადესანტო და 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიები. ამავე დროს, ინსტიტუტი მთელ ამ დაჯგუფებას დასუსტებულად და არასაკმარისად დაკომპლექტებულად აფასებს.

რუსული და უკრაინული წყაროები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით მობილიზებულების დიდი რაოდენობაა, სავარაუდოდ დანაყოფებში არსებული ნაკლოვანებების შესავსებად. საჰაერო სადესანტო ძალების მოქმედება ლუგანსკის რეგიონში მეტყველებს, რომ მედესანტეები დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის რეგიონში გადაადგილდებიან.

რუსეთის არმიის პირველი და მე-2 კორპუსის დანაყოფების მხარდაჭერით, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები დონეცკის რეგიონში, განსაკუთრებით ბახმუტისა და დონეცკის დასავლეთ გარეუბანში, შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე არიან პასუხისმგებელნი, აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები, შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობების ანალიზისას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენეალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, ნოვოეგოროვკას, მაკიივკას, ჩერვონოპოპოვკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, კლიშივკას, კურდიუმივკას, მაიორსკის, ავდეევკას და მარინკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რომელთაგან 5 – დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

“რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 12 დეკემბერს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჰირნიკში და 1 ჩასოვ იარში.

რეგიონში კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 5 დატყმა განახორციელა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button