მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის შეჭრიდან დღემდე ყველაზე ბევრი არასრულწლოვანი კიევში, დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერნიგოვსა და ხერსონში დაიღუპა

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა, 279-ზე მეტმა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო, ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე ბევრი არასრულწლოვანი კიევში, დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერნიგოვსა და ხერსონში დაიღუპა.

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა.

ამასთან ოლქის ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტარას დუმენკომ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არსებობს დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ მათ როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ”– აღნიშნა დუმენკომ.

მისი თქმით, რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს შლიან.

“გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, რომლებშიც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვების, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა”, – აღნიშნა ტარას დუმენკომ.

უკრაინელებმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქი (ირპენი, ბუჩა, გოსტომელი) 2 აპრილს დაიბრუნეს.

შეგახსენებთ რომ გაეროს მიგრაციის უწყების თანახმად, 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრა 24 თებერვალს.

1 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში 7,1 მილიონი ადამიანია ადგილნაცვალი პირი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტი მისი პირველი სრულმასშტაბიანი ანგარიშია უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში.

როგორც გაეროს ლტოლვილთა უწყება (UNHCR) იტყობინება, კიდევ 4,24 მილიონი ადამიანი უცხოეთში გაიქცა.

„ხალხი განაგრძობს საკუთარი სახლების დატოვებას ომის გამო, ადგილებზე იზრდება ჰუმანიტარული მოთხოვნილებები,“ განაცხადა IOM-ის ხელმძღვანელმა ანტონიო ვიტორინომ.

ვიტორინოს თქმით, „სასწრაფოდ არის საჭირო“ ჰუმანიტარული დერეფნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო პირების უსაფრთხო ევაკუაცია და ადგილნაცვალ პირთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

IOM-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადგილნაცვალი ოჯახების 60%-ზე მეტში არის ბავშვები, 57%-ში არის ხანდაზმულები. 30%-ს შეადგენს ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

როგორც კვლევამ აჩვენა, ადგილნაცვალი ოჯახების ერთ მესამედზე მეტმა მიუთითა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში არ ჰქონიათ შემოსავალი.

კიდევ 2,9 მილიონი ადამიანი აქტიურად განიხილავს „ომის გამო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შესაძლებლობას“, ნათქვამია IOM-ის შეტყობინებაში.

ცნობისთვის რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 11 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button