რუსეთის შეტევა მოგერიებულია 3 ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებზე განახორციელეს 6 სარაკეტო და 28 საავიაციო დარტყმა. ასევე, 86 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურებული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და მაღაზიები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო იერიშიც მიიტანა დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებულ პუნქტზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების 2 პოზიცია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატიც.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 144 440 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3326
ჯავშანტექნიკა – 6562
საარტილერიო სისტემა – 2338
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 471
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 243
თვითმფრინავი – 299
ვერტმფრენი – 287
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2023
ფრთოსანი რაკეტა – 873
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5210
სპეცტექნიკა – 226
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.