რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას ეხმაურება – მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.
“დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი საკუთარი სისუსტისა და მისი მთავრობის სისულელის შესანიღბად პროპაგანდას იყენებდა და ახლა ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა. რუსეთის სისუსტე აშკარაა – სრულმასშტაბიანი სისუსტე”, – ამბობს ზელენსკი.
მისი განცხადებით, ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ ხანს აჩერებს რუსეთის თავის ჯარსა და დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინის მიწაზე, უფრო მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მოგვიანებით.
“ვინც სხვა ქვეყნის სიცოცხლეების გასანადგურებლად ჯარის კოლონებს აგზავნის და როცა სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს, ვერ აჩერებს მათ გაქცევისა და ღალატისგან, ვინც რაკეტებით ატერორებს და მათი ჩამოგდების შემდეგ, შაჰიდის დრონების მისაღებად თავს იმცირებს, ვისაც ხალხი ეზიზღება და ასიათასობით მათგანს ომში აგდებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოსკოვის ოლქში საკუთარი თავი ბარიკადებში მოაქციოს იმ ხალხისგან, ვინც თავად შეაიარაღა”, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია, გააღრმავა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში დამარცხების შემდეგ წარმოიშვა. დღეს ჩვენ რეალურად სამოქალაქო ომის დაწყებას ვადევნებთ თვალს. პრიგოჟინის ჯგუფი იპყრობს სამხედრო ობიექტებს, შტაბებსა და მთელ ქალაქებს, გზაზე თითქმის არ აწყდება წინააღმდეგობას, განაიარაღებს შემთხვევით ჯარისკაცებსა და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და შესაბამის ბრძანებებს უანონსებს სპეცსამსახურებს, მაგრამ არაფერი ხდება – მმართველობის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. პარალელურად ვაგნერი აგრძელებს ლაშქრობას მოსკოვისკენ. უკრაინა აგრძელებს საკუთარი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრამდე.
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ოფისის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.