“რუსეთის წინააღმდეგ ომია გაჩაღებული” – მოსკოვში 9 მაისის აღლუმი 47 წუთი გაგრძელდა

მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. აღლუმი 47 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. წითელ მოედანზე ჩაიარეს საბჭოთა ტანკებმა, სარაკეტო კომპლექსებმა და სხვა. არ ყოფილა საჰაერო ნაწილი წინა წლის მსგავსად წელსაც გაუქმდა, როგორც გამოცემა წერს, კრემლმა ამის ოფიციალურ მიზეზად ცუდი ამინდი დაასახელა.
საავიაციო ნაწილის ცუდი ამინდის გამო გაუქმება დაადასტურა რუსეთის ქვეითი ძალების გენერალმა, ოლეგ სალიუკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღონისძიებაში მონაწილეობა 11,000-მა ჯარისკაცმა და 131-მა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების საჰაერო ნაწილი 2022 წლის ღონისძიებაზეც გადაიდო. რუსულმა მხარემ მომხდარი მაშინაც ცუდ ამინდს დააბრალა.
მსვლელობის დაწყებამდე, ვეტერანებს და აღლუმის მონაწილე სამხედროებს გამარჯვების დღე მიულოცა პრეზიდენტმა პუტინმა. მასთან ერთად აღლუმს ესწრებიან ბელარუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
შარშან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პირველ წელს, მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს არ დასწრებია არცერთი სხვა ქვეყნის მეთაური.
ამასთან პრეზიდენტმა დასავლეთი დაადანაშაულა რუსეთის განადგურების მცდელობაში და უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ დაწყებულ ომზეც პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა.
დღეს, 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა მოსკოვის წითელ მოედანზე, სადაც სამხედრო აღლუმით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი.
„დღეს ცივილიზაცია ისევ გადამწყვეტ მიჯნაზეა… ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ისევ გაჩაღებულია ნამდვილი ომი. მაგრამ, ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მოსახლეობასაც და ვუზრუნველყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას“, – განაცხადა პუტინმა.
მან „დასავლეთის გლობალისტური ელიტები“ დაადანაშაულა „სისხლიანი კონფლიქტების და გადატრიალებების პროვოცირებაში“, „სიძულვილის დათესვაში“, „რუსოფობიასა და აგრესიულ ნაციონალიზმში“ და განადგურებაში „ოჯახური, ტრადიციული ფასეულობების, რომლებიც ადამიანს ადამიანად ხდის“.
პუტინის თქმით, დასავლეთს სურს რუსეთის დაშლა და განადგურება და გლობალური უსაფრთხოების სისტემის და საერთაშორისო სამართლის საბოლოოდ დანგრევა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, უზომო ამბიციები და ქედმაღლობა ყოველთვის იწვევს ტრაგედიებს და “სწორედ ეს არის მიზეზი კატასტროფის, რომელსაც დღეს განიცდის უკრაინელი ხალხი”.
მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს.
„ახლა თქვენს სამხედრო საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის”, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტი, ამტკიცებს, რომ უკრაინა გახდა რეჟიმის “მძევალი”, რომელსაც “დასავლელი მეთაურები” ხელმძღვანელობენ.
“გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და ნებაყოფლობითობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიად. სწორედ ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასავლელი ბატონების კრიმინალური რეჟიმის მძევალი. ვაჭრობის საშუალება მათი სასტიკი ეგოისტური გეგმების განხორციელებაში”, – თქვა პუტინმა.
ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა, წარსულში მსგავსი რიტორიკა გამოიყენა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში ფაშიზმის დამარცხების დღის აღსანიშნავად ყოველწლიური აღლუმი გაიმართა.
სამამულო ომში გამარჯვების აღლუმი ორი წელია უკრაინაში ომის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც რუსეთმა წამოიწყო.