რუსეთის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 9000 უკრაინელი გმირი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი 22 აგვისტოს გამართულ ფორუმზე Defenders. Roll Call გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 9000 უკრაინელი გმირი დაიღუპა. ამასთან, უკრაინელ სარდალს არ დაუზუსტებია, ლაპარაკია მხოლოდ სამხედროებზე, თუ ამ რიცხვში სამოქალაქო პირებიც იგულისხმებიან. – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, მათივე განმარტებით, ზალუჟნის არ დაუკონკრეტებია რა პერიოდზეა საუბარი – 2014 წლიდან თუ 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
”ამ ომში მონაწილეობენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო; არამედ ჩვენი ბავშვებიც, რომლებსაც არაფერში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, გარდა იმისა, რომ სწორედ აქ და სწორედ ამ დროს დაიბადნენ. მათ მართლა არ ესმით არაფერი რაც ხდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად საჭიროებენ თავდაცვას როგორც სოლედართან, ბახმუტთან და ველისკი-ნოვოსელკიში, ისე აქ, რადგან მათი მამები ომში წავიდნენ და შესაძლოა, იმ 9 ათას გმირს შორის იყვნენ, რომლებიც დაიღუპნენ”, – თქვა გენერალმა ზალუჟნიმ ორშაბათს ერთ-ერთ ფორუმში მონაწილეობის დროს.
მაისის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეში შესაძლოა, 50-დან 100 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპოს ქვეყნის აღმოსავლეთის ყველაზე რთულ ადგილებში რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში.
ივნისის დასაწყისში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინელი სამხედროების დანაკარგები ყოველდღიურად 100-დან 200 ადამიანს შეადგენს.
6 ივნისს თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღიურად დაღუპულის სახით 100, ხოლო დაჭრილის სახით 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს კარგავს.
გამოცემა “უკრაინსკა პრავდას” ცნობით, 14 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოებით 3,5 ათასი უკრაინელი დამცველი დაჯილდოვდა.
უკრაინის გენერალური შტაბის 22 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთმა ომის დროს თითქმის 45 500 სამხედრო დაკარგა. თავად რუსეთის ფედერაციაში კი დანაკარგებზე არ საუბრობენ.