ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11-ე პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ კონტრიერიშისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების გზები განიხილეს

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ პოლონური მედია ევროკავშირში პოლონეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა მომდევნო კვირას არის დაგეგმილი.
ევროკავშირში პოლონეთის ელჩის, ანდჟეი სადოსის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნულ პაკეტში ბევრი საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ამიტომ ღრმა ანალიზს საჭიროებს. ასევე, დიპლომატმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ელჩები შეთანხმებას მომავალ შეხვედრაზე მიაღწევენ.
პოლონელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ვარშავა რუსეთიდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტის აკრძალვასაც ითხოვს.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ რუსული აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტის ნებართვის გაგრძელების გამართლებას“, – განაცხადა ანდჟეი სიდოსმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმდინარე კვირას კიევში ვიზიტისას აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის საკითხებზე იქნებოდა ორიენტირებული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კონტრიერიშისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების გზები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მხარეებმა ისაუბრეს იმ წვლილის შესახებ, რომლის შეტანაც საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ, რათა ამ ოპერაციის წარმატება უზრუნველყონ.
ბლინკენის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა 37 მილიარდ დოლარს შეადგენს.