მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს

სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატო-ს – არა, უფრო საშიშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ამბობს, ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე.

მსოფლიოსთვის ბირთვული არსენალის ჩვენებით კი, ნატო-ს გენერალური მდივნის აზრით, პირდაპირ მესიჯი უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგეებს.

ასევე, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს. ოპერაციის დეტალები ალიანსის გენმდივანს აღარ დაუკონკრეტებია.
გენერალური მდივნის განცხადებით, ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, რომ ნატო ბირთვული ალიანსია.

„მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ბირთვული გამჭირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი მოემზადოს უფრო საშიში სამყაროსთვის.

„გამჭირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატო-ს – არა, უფრო საშიშია“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი დიდ ინვესტიციას დებს თანამედროვე იარაღში, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელსაც 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაზრდის.
ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭება მოსკოვს აიძულებს გადახედოს თავის ბირთვულ დოქტრინას.

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ოფიციალური პირები არაერთხელ დაიმუქრნენ ბირთვული იარაღის გამოყენებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button