მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ბირთვული იარაღით გემების განლაგება დაიწყო

ცივი ომის შემდეგ პირველად, რუსული ხომალდები ბირთვული იარაღით ცურავენ, – ინფორმაციას ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს. როგორც უწყების ყოველწლიური ანგარიშში წერია, “ბირთვული პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავებსა და ზედაპირზე მცურავ გემებზეა”.

მათივე ცნობით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდები ბირთვული შეიარაღების გარეშე ცურავდნენ, ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ხომალდმა ამ შეიარაღებით გაცურა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წყალქვეშა ნავებს, თანამგზავრების საწინააღმდეგო შეიარაღებისა და კიბერ-შესაძლებლობების გარდა, აქვს ტაქტიკური ბირთვული იარაღები, რომლებიც ხასიათდება, როგორც სერიოზული საფრთხე ისეთ სცენარებში, რომლებშიც NATO-ს ქვეყნებიც ჩაერთვებიან.

ამას გარდა, ნორვეგიის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ვერ გამორიცხავენ უკრაინის ომის უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდას, რომელშიც აშშ და NATO-ც ჩაერთვებიან. უწყება ფართომასშტაბიანი ომის ესკალაციას არ გამორიცხავს.
გარდა ამისა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებით, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

“თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. მე პირადად, ამაში დარწმუნებული ვარ. თეთრი სახლი, მაგალითად, აღარ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინის არმიამ ყირიმში, რუსეთის ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს”, – აცხადებს გენერალი.

ჰოჯესის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგები კატასტროფული იქნება.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს მუქარა დასავლეთის დასაშინებლად გამოიყენა.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, დააზიანა კერძო სახლები და შენობები. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე გაავრცელა.

“დღეს დილის 07:00 საათზე კუპიანსკს კვლავ დაბომბეს. დაზიანდა 3 კერძო საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა, იყო ხანძარი”, – წერს სინეგუბოვი.

ამასთან, სინეგუბოვი აღნიშნავს, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ორჯერ დაბომბეს სამედიცინო დაწესებულება ხერსონის ოლქში. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის 3 დასახლებაზეც – ოლქში სულ 34 აფეთქება დაფიქსირდა.

Financial Times-ი დასავლური დაზვერვის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვი სხვადასხვა სახის თვითმფრინავებს უკრაინის საზღვართან აგროვებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ჯარები, თვითმფრინავების აქტიურად გამოყენებასთან ერთად, შეტევაზე გადასვლას 5 მიმართულებით ცდილობენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button