რუსეთმა ღამით პრეზიდენტ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა

კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.
კრემლის ცნობით, ორი დრონი კრემლზე იყო დამიზნებული
“კრემლისკენ ორი დრონი იყო მიმართული. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები განეიტრალდა.”- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო უწყებების ცნობით, კრემლი აცხადებს, რომ მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და “იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები”.
“ტერაქტის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა. მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.”- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინი “თავდასხმის დროს” კრემლში არ იმყოფებოდა.
კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცნობები კრემლის მახლობლად აფეთქებების შესახებ ღამით გავრცელდა.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი, როგორც დაგეგმილი იყო, გაიმართება და მასში პუტინი მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი წერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სობიანინმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კრემლზე დრონებით იერიში სცადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დღევანდელი დღიდან აიკრძალოს ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება, იმ აპარატების გარდა, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებით გამოიყენება. გადაწყვეტილება მიღებულია, რათა აღიკვეთოს უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენება, რომლებმაც, შესაძლოა, სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა გაართულოს. შეგახსენებთ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გაშვება წარმოადგენს სამართალდარღვევას და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – წერს მოსკოვის მერი.