მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა

მტრის მიერ დღეს განხორცილებული მასიური თავდასხმები საჩვენებლად იყო მოწყობილი, თუმცა ვერ გატეხს უკრაინელების სულს

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე განაცხადა.

მედიის ცნობით, რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება შევჩენკოვსკის რაიონში, 9-სართულიან კორპუსში ხანძრის შესახებ მაშველებმა 06:29 საათზე მიიღეს. ცეცხლი 30 კვ. მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. კორპუსის 7, 8, და 9 სართულები ნაწილობრივ განადგურდა.

კლიჩკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. კიევის მერის განცხადებითვე, შესაძლოა, ადამიანები, საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

კიევის ოლქის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აღნიშნა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 26 ივნისს, დილით, რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ფრაგმენტებიც რეგიონის ერთ-ერთი სოფლის გარეუბანში ჩამოვარდა.

როგორც მედია წერს, შევჩენკოვსკის რაიონი კიევის ერთ-ერთი ცენტრალური და ისტორიული უბანია, სადაც უნივერსიტეტები, რესტორნები და ხელოვნების გალერეები მდებარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტრის მიერ დღეს განხორცილებული მასიური თავდასხმები საჩვენებლად იყო მოწყობილი, თუმცა ვერ გატეხს უკრაინელების სულს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოკუპანტებმა ათეულობით რაკეტა გაუშვეს უკრაინის ტერიტორიისკენ.

„45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით. ჟიტომირის ოლქი, ლვოვის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი, მიკოლაევი. საღამოს მეტი რაკეტა. სხვადასხვა ტიპის, გაშვების სხვადასხვა ზონები. ყველა მათგანი გაშვებული იყო ერთი მიზნისთვის – ეჩვენებინათ, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია რაიმეს გადაწყვეტა, რომ ვითომ რუსულ არმიას რაღაც გამოუვა. დღეს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეხუთე თვე. ოკუპანტები მეხუთე დღეს აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მეხუთე თვეა, იძულებული არიან, მოაწყონ ისეთი სარაკეტო შოუ, რომელიც სტრატეგიულად არაფერს ცვლის რუსეთისთვის. ვერცერთი რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა ვერ გატეხს უკრაინელების სულს. თითოეული მათი რაკეტა არის არგუმენტი ჩვენს მოლაპარაკებებში პარტნიორებთან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ზელენსკიმ დააანონსა, რომ ორშაბათს „დიდი შვიდეულის“ სამიტში ჩაერთვება ვიდეოზარის მეშვეობით და პარტნიორებისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება და უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას მოითხოვა.

„უკვე ორშაბათს „დიდი შვიდეულის“ სამიტში მივიღებ მონაწილეობას. ნატო-ს სამიტი ამ კვირაში გაიმართება. 45 რაკეტა ნახევარ დღეში და შეხვედრების წინ. ყველაფერი ნათელია. ჩვენი პოზიციის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს იმის დასტურია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი არ არის საკმარისი, უკრაინას მეტი შეიარაღება სჭირდება და რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები – თანამედროვე სისტემები, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ – არ უნდა იყოს პოლიგონებზე ან საცავებში, არამედ უნდა იყოს უკრაინაში, სადაც ისინი საჭიროა ახლა. საჭიროა უფრო მეტად, ვიდრე სადმე სხვაგან მსოფლიოში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განმარტებით, ახლა ომის მორალურად და ემოციურად რთული ეტაპია.

„როდესაც ვიცით, რომ მტერს მაინც არაფერი გამოუვა, გვესმის, რომ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ ვერ ვგრძნობთ დროით საზღვრებს, ვერ ვგრძნობთ კიდევ რამდენი დარტყმა, დანაკარგი და ძალისხმევა იქნება, იქამდე სანამ დავინახავთ, რომ გამარჯვება უკვე ჩვენს ჰორიზონტზეა. ვერანაირი რუსული რაკეტა, ვერანაირი დარტყმა ვერ შეძლებს უკრაინელების სულის გატეხვას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button