რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით გამოცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “სარმატი”. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს რაკეტა “დააფიქრებს მათ, ვინც ცდილობს რუსეთს დაემუქროს”.
მედიის ცნობით, რაკეტამ კამჩატკის ნახევარკუნძულზე წინასწარ მომზადებული სამიზნე გაანადგურა. ტესტირებას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც წარმატებული გამოცდის შესახებ პრეზიდენტს აცნობა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, სახელმწიფო სატესტო პროგრამის ფარგლებში. პუტინი მას ვიდეოკავშირით ადევნებდა თვალს.
პუტინის თქმით, „სარმატს“ ანალოგი არ გააჩნია და მოწინააღმდეგე კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე რუსეთს დაემუქრება.
“ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხისგან და დააფიქრებს მათ, ვინც აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს”, – თქვა პუტინმა.
სამინისტროში ამბობენ, რომ სატესტო ეტაპის დასრულების შემდეგ “სარმატი” ექსპლუატაციაში შევა.
როგორც „სიენენი“ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის მიერ დაგეგმილი სარაკეტო გამოცდის შესახებ აშშ წინასწარ იყო ინფორმირებული.