მნიშვნელოვანიმსოფლიო

რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება”, – წერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებაში.

აქვე გეტყვით რომ ОДКБ, ანუ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, ყაზახეთის რესპუბლიკაში “ვითარების სტაბილიზაციის მიზნით” ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრი, კოლექტიური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.
“ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტოკაევის მიმართვასთან დაკავშირებით,და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, გარე ძალების ჩარევით, ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გაიგზავნება შეზღუდული ვადით, ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.მან ახალი მიმართვა გააკეთა რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ОДКБ-ს სამხედრო დახმარება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.
…………..

ყაზახეთისგან სამხედრო დახმარების თხოვნის გამო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში აგზავნის სამშვიდობო ძალებს. ამის შესახებ დღეს, 6 იანვარს რუსულ სააგენტო „ტასს“ უთხრა ორგანიზაციის პრესმდივანმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა.

მისი განცხადებით, ყაზახეთი შექმნილ ვითარებას განიხილავს „საზღვარგარეთ მომზადებული ბანდიტური ფორმირებების შეჭრად“ და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურებს სამხედრო დახმარების გასაწევად მიმართა. ზაინეტდინოვის თანახმად, ყაზახეთში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, შეზღუდული დროით გაიგზავნება კოლექტიური სამშვიდობო ძალები. რამდენი სამხედრო და რა დროით, ორგანიზაციის პრესმდივანს არ უთქვამს.

5 იანვარს, ღამით, ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას ჰყავს სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო, საწვავად გამოყენებული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირების გამო. 4 იანვარს მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა.

4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების და დარბევის ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი.

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button