მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა-საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით შეეძლებათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება № 873 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.
რუსული მედიის ცნობით, სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

მანამდე, საქართველოს ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლება ვიზის გარეშე.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ კატეგორიაში ხვდებიან, რუსეთში შესვლა შეეძლებათ „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობის, საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის) საფუძველზე”.
დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან – 10 ოქტომბრიდან – შედის.

აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინმა საქართველო მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა. ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით გამოდიოდნენ პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე. მანამდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

გარდა ამისა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button