რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდების რაოდენობა გაზარდა
მორიგი სანქციები რუს და ბელარუსულ კომპანიებს

რუსეთმა შავ ზღვაში სამამდე გაზარდა რაკეტმზიდების რაოდენობა, – აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ოპერატიული სარდლობა “სამხრეთის” პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა.
მანამდე, 28 იანვარს, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება 14 რუსული გემი, მათ შორის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებით“ აღჭურვილი 2 რაკეტმზიდი. საერთო ჯამში მათ თითო ზალპში დაახლოებით 12 რაკეტა აქვთ.
26 იანვრის დილით რუსეთის არმიამ უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს რუსეთმა განახორციელა საჰაერო და საზღვაო რაკეტების 55 გაშვება, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 47 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინამ რუსული და ბელარუსული 182 კომპანიისა და სამი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
„მათი აქტივები უკრაინაში დაბლოკილია, მათი ქონება ჩვენი თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სანქცირებული კომპანიები ძირითადად ეწევიან საქონლის ტრანსპორტირებას, მანქანების ლიზინგს და ქიმიურ წარმოებას.
სიაში შედის რუსული კალიუმის სასუქის მწარმოებელი და ექსპორტიორი – Uralkali, ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კალიუმის მწარმოებელი – Belaruskali, Belarusian Railways, ასევე რუსეთის VTB-ლიზინგი და Gazprombank Leasing.
უკრაინამ გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, სანქციები ასობით რუს და ბელარუს ფიზიკურ პირს და კომპანიას დაუწესა.