რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი ბოლო სამ დღეში დრონებით მესამედ დაბომბა

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. საჰაერო თავდაცვა ოკუპანტების მიერ კალიბრის ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ბოლო სამ დღეში მესამედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.
დედაქალაქის საჰაერო სივრცეში განადგურებულია 10-მდე დრონი. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოცვივდა. კიევის მერის ინფორმაციით, დედაქალაქზე იერიშის შედეგად დაღუპულია 1 მოქალაქე, არიან დაშავებულები. მაშველებმა ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს.
რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონს ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, „გრადებიდან“ და ავიაციიდან 500-მდე ჭურვი ესროლეს. დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ამასთან 12 ივლისს რუსეთმა დარტყმა მიაყენა კიევს და სხვა ქალაქებს „თვითმკვლელი დრონებით“. ასეთივე იერიშები რუსეთის არმიამ განახორციელა წინა დღესაც.
ამ დროს რუსეთმა განაცხადა, რომ დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფებამ, „ვაგნერმა“, დაასრულა რუსეთის არმიისთვის თავისი იარაღის გადაცემა.
ზაპოროჟიეში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 8 ბავშვია – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 15 ზრდასრული და 7 არასრულწლოვანი იმყოფება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი პაციენტები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა რუსებმა 12 ივლისს განახორციელეს.
უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის ოლქში, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საზღვრისპირა სოფელს, სადაც გაჩნდა ხანძარი, რომელმაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია, იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უფრო ადრე უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის მიერ გაშვებული „თვითმკვლელი“ დრონების უმეტესობა უკრაინის ანტისაჰაერო დაცვამ ჩამოაგდო.
შეგახსენებთ რუსეთმა უკრაინაზე წუხანდელი თავდასხმისას უპილოტო საფრენი აპარატები და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკრაინას შეუტიეს ირანული წარმოების 20 დამრტყმელი დრონით. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20-ვე განადგურებულია, ძირითადად, კიევში და კიევის ოლქში.
გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან და ანექსირებული ყირიმიდან შეტევა განახორციელეს 2 ფრთოსანი რაკეტით „კალიბრი“ და 1 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს ორივე „კალიბრი“, ხოლო „ისკანდერზე“ ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით – 18 „კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე.
„თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა “Мста-Б” გაანადგურეს“, – იუწყება ოპერატიული მეთაურობის შტაბი.
წუხანდელი თავდასხმის გამო, კიევის გარდა, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის, პრაქტიკულად, ყველა ოლქში, ოდესის და ხარკოვის გარდა.