რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებზე საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოთი იწყებს ჩამონათვალს იმ ქვეყნების, რომელთა მებრძოლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას აწარმოებს უკრაინის მხარდასაჭერად ომში მონაწილეობის გამო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დღეს, 29 ივნისს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა „ოპერატიული თათბირი“ ჩაატარა ქალაქ დონეცკში. უკრაინის ეს ქალაქი ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზში დასახელებულია უკრაინის არმიის და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე კონკრეტული წარმომადგენელი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ნათქვამია ისიც, რომ მიმდინარეობს „დაქირავებულთა“ საქმის გამოძიებაც და „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედებით შეგროვებულია მტკიცებულებები დაქირავებულების მონაწილეობის შესახებ საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან“.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 33 ქვეყნის წარმომადგენელი 160 უცხოელის წინააღმდეგ.
უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების დაწყების შემდეგ იბრძვის „ქართული ლეგიონი“. ის დღეს დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ. მათ შორის საქმე აღძრულია ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. 2023 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ 4 ქართველ მებრძოლს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
“არაერთხელ იყო ინფორმაცია გადაცემული ჩვენი წევრებზე, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის გაჟონვა ხდება წლების მანძილზე, ეს არ არის ახალი გადაცემული. ერთი წლის წინ იყო, რომ სავარაუდოდ, 30-33 კაცზე საუბარი, ვისზეც ჰქონდათ ინფორმაცია გადაცემული, დღეს ეს სია გაიზარდა 125 კაცამდე. საკმაოდ ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ. რატომ ქართული ლეგიონი? იმიტომ, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ცდილობენ ყველანაირად გვებრძოლონ, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, ფსიქოლოგიური ბრძოლა, ახლა რასაც აკეთებენ ეს არის, ფაქტობრივად, ზეწოლა ოჯახის წევრებზე.”- განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა.
საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის დევნა სხვა უცხოელი მებრძოლების წინააღმდეგ აქამდეც მიმდინარეობდა.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეების სხვა ჯგუფებიც. ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დადასტურებულია 47 ქართველი მებრძოლის დაღუპვა.