რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ისევ მიიტანა სარაკეტო იერიში. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა 6 ოლქში, მათ შორის კიევში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ჰაერში იმყოფება საოკუპაციო ძალების 11 სტრატეგიული ბომბდამშენი (Ту-95МС).
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, რამდენიმე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ დღეებშიც. დაიღუპა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინაზე სარაკეტო იერიშის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია ბელგოროდის ოლქზე „აღკვეთილი“ თავდასხმის შესახებ. სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის დროით დილის 7 საათზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბელგოროდის ტერიტორიის თავზე გაანეიტრალეს უკრაინული საზენიტო რაკეტა(С-200).
უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო შეტევები დეკემბრის ბოლოდან გახშირდა.
8 იანვრის ღამეს და დილას, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 38 დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
დაშავებულთა უმეტესობა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ნოვომოსკოვსკსა და კრივოი როგშია. იქ ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი- ბიჭები 4 და 8 წლის, გოგონები – 11, 16 და 17 წლის.
ღამით, კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი და ათეულობით საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ სამ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაშავდა ნამსხვრევებით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, არ მუშაობს ტროლეიბუსები და ტრამვაი. უცნობია უკავშირდება თუ არა კრივოი როგში ელექტროენერგიის გათიშვა სარაკეტო თავდასხმას. ქალაქში მდგომარეობას უამინდობა და ყინვაც ართულებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ზმიევი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს.
“დაახლოებით 10:30 საათზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა დაასრულეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მტრის სარაკეტო დარტყმის ადგილზე… მათ 63 წლის ქალის ცხედარი კერძო სახლის ნანგრევებიდან ამოასვენეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საცხოვრებელ უბნებს და კომერციულ ობიექტებს. დაბომბვის გამო დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში ელექტრო ქსელები დაზიანდა.
უკრაინის შეარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 8 იანვარს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს 51 რაკეტიდან მხოლოდ 18-ის ჩამოგდება შეძლეს.
მათივე ცნობით, ყველა ჩამოგდებული რაკეტა ფრთოსანი იყო. გარდა ამისა, უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო შვიდი საზენიტო მართვადი რაკეტა ეს-300/ეს-400, ოთხი აერობალისტიკური რაკეტა – „კინჟალი“, რვა ფრთოსანი რაკეტა „ხა-33“ და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა „ხა-31 პი“, ექვსი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით დიდი რაოდენობით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება მხოლოდ „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსითაა შესაძლებელი.
ცნობისთის, 8 იანვარს რუსეთის იერიშის სამიზნე გახდა კირტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურა, სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში. ბოლო ცნობებით, იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, 30-ზე მეტი კი დაშავდა.