მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს დიდი რაოდენობით კასეტური ბომბები აქვს თუმცა ამ დრომდე ომში მათ გამოყენებას ერიდებოდა

ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის, მოსკოვი “იძულებული იქნება” იგივე იარაღი გამოიყენოს.

შოიგუს მტკიცებით, რუსეთს დიდი რაოდენობით კასეტური საბრძოლო მასალა აქვს, თუმცა ამ დრომდე სამხედრო აქტივობებში მათ გამოყენებას ერიდებოდა.

“არც ჩვენ, არც ამერიკელები და არც კიევი არ შეერთებია კონვენციას კასეტური საბრძოლო მასალის წინააღმდეგ. რუსეთი აანალიზებს იმ საშიშროებას, რომელსაც ამ ტიპის იარაღი უქმნის მოქალაქეებს და ამიტომ, ჩვენ თავს ვიკავებდით მათ გამოყენებაზე. თუ ამერიკა მიაწვდის კასეტურ ბომბებს უკრაინას, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულები გახდებიან, გამოიყენონ იგივე იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ”, – ამბობს შოიგუ.

მისივე მტკიცებით, რუსული კასეტური იარაღი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ კასეტური იარაღის გამოყენება ომს გაახანგრძლივებს.

არაერთი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა კასეტური იარაღი.

კასეტური ბომბები მიწაზე დაცემამდე ფეთქდება და დიდ მანძილზე გატყორცნის მცირე ნაწილაკებს. ზოგი მათგანი მაშინვე არ ფეთქება და ნაღმების მსგავსად, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც.

კასეტური იარაღი აკრძალულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილე მსოფლიოს ასზე მეტი სახელმწიფოა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-მ დაადასტურა, რომ ისინი უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდიან. როგორც ამერიკული მხარე ამბობს, რუსეთი უკვე დიდი ხანია კასეტურ ბომბებს იყენებს უკრაინაში. მათივე ცნობით, რუსულ კასეტურ ბომბებს 40%-იანი წარუმატებლობის შანსი აქვს, რაც ტერიტორიის აუფეთქებელი ბომბებით დანაგვიანებას იწვევს. ვაშინგტონის თქმით, მათი ბომბების წარუმატებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 2,35%-ია.

გარდა ამისა კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, დიდი შვიდეულის ინიციატივა, რომ უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყონ უკრაინისთვის, “შეცდომა და საფრთხისშემცველია”.

პესკოვის სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ხელყოფენ.

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ “ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება” აქვს.

“ამ თემასთან დაკავშირებით, უკრაინის NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს. ეს თემა პირდაპირ კორელაციაშია დიდი შვიდეულის ქვეყნების განცხადებებთან, რომ ისინი უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ უკრაინისთვის. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ექსტრემალურ შეცდომასა და პოტენციურად ძალიან საშიშ გადაწყვეტილებას”, – ამბობს პესკოვი.

პესკოვი ამტკიცებს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით “უსაფრთხოების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპებს უგულებელყოფენ”.

დღეს დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ. ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებას ოფიციალურად ვილნიუსის დღევანდელ სამიტზე გააჟღერებენ.

ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი იარაღის მიწოდება რუსეთს არ დააბრკოლებს უკრაინაში მიზნების მიღწევაში.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ თუ აშშ უკრაინას კასეტურ იარაღს მიაწოდებს, მოსკოვი იძულებული იქნება, გამოიყენოს მსგავსი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button