მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს მიზეზი არ აქვს 17 ივლისის შემდეგ „მარცვლეულის შეთანხმება” გაახანგრძლივოს

ევროკავშირი განიხილავს წინადადებას რუსეთის სანქცირებული აგრარული ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნის თაობაზე, რათა აღადგინოს კავშირი გლობალურ ფინანსურ ქსელთან „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

მედიის ცნობით, გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს 17 ივლისის შემდეგ „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებისთვის და დაადანაშაულა დასავლეთი შეთანხმებასთან დაკავშირებით „აღმაშფოთებელ“ ქმედებებში რადგან საერთაშორისო სანქციები მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს უქმნის წინაღობას.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, გაერო-ს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე მოსკოვმა წამოაყენა გეგმა, რომელიც „როსელხოზბანკის“ შვილობილ კომპანიას საშუალებას მისცემს, განახორციელოს გადახდები მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, ახალ საბანკო განყოფილებას მიეცემა უფლება, გამოიყენოს გლობალური ფინანსური სისტემა SWIFT-ი, რომელიც დახურული იყო უმსხვილესი რუსული ბანკებისთვის გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. SWIFT-ზე წვდომის აღდგენის გარდა, რუსეთი ასევე ცდილობს, განაახლოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების მიღება და მოხსნას შეზღუდვები დაზღვევაზე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში რუსეთის მოთხოვნების შეუსრულებლობაში და თქვა, რომ მოსკოვი მისგან გასვლას განიხილავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ივლისში დატოვებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.
შეთავაზებულ ახალ უწყებას წვდომა ექნება SWIFT-ის ფინანსურ სისტემასთან, რომელიც რუსეთის ბანკებისთვის დაიხურა 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

რუსეთი ასევე ითხოვს ფერმების აღჭურვილობის მასალებზე წვდომასა და სადაზღვევო შეზღუდვების მოხსნას.

„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს მაშინ, როდესაც უკრაინის წილი 5%-მდე შემცირდა.

როგორც გავლენიანი გამოცემა იუწყება, რუსეთის შიდაპოლიტიკური არეულობისა და ომის გამო შელახული საერთაშორისო იმიჯის ფონზე, კრემლისთვის მარცვლეული ზეგავლენის მთავარ ბერკეტად რჩება.

როგორც „ბლუმბერგი“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რუსეთი ამ სეზონზე ხორბლის უხვ მოსავალს ელოდება და მისი წილი ბაზარზე საგრძნობლად იმატებს.

„შედარებისთვის – უკრაინის წილი ბაზარზე, ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით, ორჯერ შემცირდა და 5%-ს შეადგენს. ამასთან ერთად, წარმოებას გრძელვადიანი პრობლემები აქვს, რაც დანაღმულ ველებსა და დარღვეულ მიწოდების ჯაჭვებს უკავშირდება“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, „ბლუმბერგი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზეწოლის გამო რუსეთის ბაზრიდან საერთაშორისო მოთამაშეების გასვლა გზას უხსნის რუსულ კომპანიებს.

„ეს ცვლილებები კი პოტენციურად გაუმარტივებს რუსულ კომპანიებს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის ექსპორტი განახორციელონ, ხოლო მოსკოვს ექნება შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ფასებზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ამ ფონზე, უკრაინა მოუწოდებს იმპორტიორებს, საეჭვო წარმოშობის მარცვლეული დააყადაღონ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ თანხებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. თუმცა, „ბლუმბერგი“ ხაზს უსვამს მარცვლეულის ექსპორტის პოლიტიკურ მნიშვნელობას.

„რუსეთის მარცვლეულის მთავარი მყიდველები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები არიან, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისგან და გაერო-ში რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლისგან თავს იკავებენ“, – წერს „ბლუმბერგი“ სტატიაში.

გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის, გენადი გატილოვის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს კვოს შენარჩუნებისთვის, რომლის ვადა 18 ივლისს იწურება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„რუსეთმა არაერთხელ გაახანგრძლივა გარიგება პოზიტიური ცვლილებების იმედით, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არ გვაძლევს საფუძველს, დავთანხმდეთ სტატუს კვოს შენარჩუნებაზე“, – განაცხადა გატილოვმა.

შავი ზღვის შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობით გაერო-მ და თურქეთმა 2022 წლის ივლისში გააფორმეს, მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრის შედეგად ჩარჩენილი უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გზით.

მსგავსი პოსტები

Back to top button