მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სრულფასოვანი ავიამიმოსვლა 1-ლი მაისიდან დაიწყება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.
„1-ელი მაისიდან სოხუმის აეროპორტში სრულფასოვანი ავიამიმოსვლა ამოქმედდება“, – განაცხადა სერგეი კირიენკომ.
მისი თქმით, „რუსეთი და აფხაზეთი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები არიან“.
30 წლის განმავლობაში პირველად სოხუმის აეროპორტმა საცდელი რეისი მოსკოვიდან თებერვლის დასაწყისში მიიღო.
ცნობისთვის, მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ის მიერ 7 თებერვალს განხორციელდა.
2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიესთან“ აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმება გააფორმა.