“რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა”-ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში შეიარაღებული აჯანყების მცდელობის დროს, არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა – ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში, გენერლების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
“მე გავეცი ბრძანება, რომ ჯარი მზადყოფნაში ყოფილიყო”, – თქვა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ მისთვის „მტკივნეული იყო“ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ყურება.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს – ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.
ამასთან უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის აჯანყება” არაა დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ამ თემაზე მან უკრაინული მედიის ცნობით, Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ორბანი – ვერ ვხედავ ამ მოვლენაში დიდ მნიშვნელობას.
ჟურნალისტი – დიდი მნიშვნელობა არ აქვს?
ორბანი – დიახ.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რაც ხდებოდა რუსეთში “ეს არ არის მნიშვნელოვანი”.
უნგრეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი გახდება. კითხვაზე შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ, მისი აზრით, რამდენად დასუსტებულია პუტინი, ორბანი პასუხობს:
“თუ ეს შეიძლება მოხდეს, მაშინ ეს აშკარა სისუსტის ნიშანია. მაგრამ როცა ეს კეთდება 24 საათში, ეს სიძლიერის ნიშანია. [თქვენ ფიქრობთ, რომ პუტინი ძლიერია?] თქვენ იცით, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია. ასე რომ, თუ ვინმე ვარაუდობს, რომ ის შეიძლება დამარცხდეს ან ჩაანაცვლონ, მაშინ მათ არ ესმით რუსი ხალხისა და რუსული ძალოვანი სტრუქტურების”.
ორბანმა თქვა, რომ მიმდინარე ომს ყოველთვის მშვიდობის კუთხით უყურებს და მიაჩნია, რომ მთავარია ზავის მიღწევა და მშვიდობის დამყარება.