,,თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის,,-პაპუაშვილი
,,არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება ის რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს,,-სამხარაძე

როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ მეორე მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, რაც არაერთხელ დადასტურდა.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ კვლავ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე.
,,სინამდვილეში მათ ისევ საარჩევნო მარათონში ვიხილავთ, რაც ცუდია, რადგან ზოგადად, თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, ის, რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოური დაფინანსებით, ეს არაერთხელ დადასტურდა. ასევე, ის, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტისაა, ესეც არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ, აქ პრობლემაა არა “ისფედში”, “გამჭვირვალობაში” და სხვა უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციაში, არამედ იმ დაფინანსებაში, რომელიც ფულს ხარჯავს ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმაში, თუმცა პასუხი უნდა ეძებონ დონორებში, თუ რა განზრახვებია ქართული დემოკრატიის მიმართ, როცა მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ალაპარაკებენ, ეს ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ ისევ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე, რაც არაერთხელ მოხდა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
,,არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზების მიზნით, რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა,,-ცესკო
არ შეიძლება, რომ ამომრჩეველს დამკვირვებელმა პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვოს, ეს არცერთ ქვეყანაში, არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნაშიც ეწერა, რომ ზოგიერთ უბანზე იმდენი დამკვირვებელი იყო, ამომრჩეველს ხელი ეშლებოდა ხმის მიცემაში.
„როგორღაც ეს დასარეგულირებელია. არ შეიძლება, ამომრჩეველზე მეტი დამკვირვებელი იყოს უბანზე. ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც კანონით იყო დარეგულირებული, სამწუხაროდ, არ მოქმედებდა და ახლა ცესკო-მ გადაიტანა. ამიტომ უსაფუძვლოდ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვა ხდება, რაც ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ: თუ რაიმე პრობლემას ხედავენ, შეუძლიათ, ცესკო-ში მივიდნენ და სხდომებს დაესწრონ“, – განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.